ნათია თურნავა ხუდონჰესზე: ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს და თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც უნდა გახდეს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ხუდონჰესის პროექტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

„2011 წელს, შეთანხმება დაიდო ინდურ კომპანია „ტრანს-ელექტრიკასთან“, ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. რა თქმა უნდა, აქ არაა მხოლოდ ერთი მიზეზი – კომპანიის მხრიდან. აქაა სხვადასხვა მიზეზის ნაკრები. მათ შორისაა პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინ, გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, მოველაპარაკოთ, შევუთანხმდეთ ინდოელ ინვესტორს, რომ თანდათან, მოვშალოთ ჩვენ შორის დადებული შეთანხმება. აქ რომ მხოლოდ მათი ბრალეულობა იყოს, ალბათ, ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოსაშლელად. ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარესაა. მათ შორისაა მოსახლეობის თემა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ. ამიტომ, ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს პროექტისა და მათთვის გადაცემული აქტივების სახელმწიფოსთვის დაბრუნება. ინვესტორს ინტერესი აღარ აქვს, რადგან, 10 წლის განმავლობაში, მან პროექტი ვერ განახორციელა. აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე, კონსულტანტების დახმარებით, ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს. შემდეგ, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურითაა უკეთესი ამ ძალიან დიდი, სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს და თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც უნდა გახდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები