კახეთში მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები გამოვლინდნენ
კახეთში მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები გამოვლინდნენ.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინფორმაცით, 2021 წლის 24 ივნისს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„რაც შეეხება გამარჯვებულებს, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: კახეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში – მარეხი დიდებაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ.გომბორის საჯარო სკოლის მასწავლებელი
კახეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში – თამარ კაპანაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ვარდისუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი.
წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში საუკეთესო მშობლიური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს გამოავლენს.
რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.
კითხვისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში გამოვლინდებიან. იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში კონკურსი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საკონკურსო ჟიურის წევრები იყვნენ დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი შალვა ამონაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სიკო ჯანაშია, მშობლები განათლებისთვის აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატიზურაბ ვახანია.
„RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.