ბრიტანეთის ელჩი შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში საგანმანათლებლო ჰაბს ეწვევა
28 ივნისს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან და სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულ ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო ჰაბს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მარკ კლეიტონი შეხვდება საგანმანათლებლო ჰაბის საქმიანობაში ჩართულ პედაგოგებს, მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორსა და მენტორს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლების დირექტორებს და სხვა საპატიო სტუმრებს. შეხვედრაზე მიწვეულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. პროგრამის ხელმძღვანელები და მონაწილეები საპატიო სტუმრებს გააცნობენ პროგრამის მეორე წლის მიღწევებსა და გამოწვევებს, ასევე ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და პროგრამის მდგრადობაზე. შუახევის საგანმანათლებლო ჰაბი 2019 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა: „საგანმანათლებლო ჰაბები: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები ძლიერი საზოგადოებისთვის“
„საგანმანათლებლო ჰაბები“ წარმოადგენს 2017-2018 წლებში წარმატებით განხორციელებული ინგლისური ენის კლუბების მოდელზე შექმნილ ახალ ინიციატივას. საქართველოში სულ 13 საგანმანათლებლო ჰაბი ფუნქციონირებს. ყველა მათგანი იუსტიცის სამინისტროს საგანმანათლებლო ცენტრიშია განთავსებული, კერძოდ: ადიგენში, დიდ ჯიხაიშში, ვალეში, კაბალში, ლენტეხში, მეჯვრისხევში, ორსანტიაში, რუხში, სადახლოში, ტყვიავში, ჩაქვში, შუახევსა და წალკაში. ჰაბები აღჭურვილია სწავლებისა და სწავლისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის რესურსებით, ტექნოლოგიითა და დამხმარე მასალებით.
საგანმანათლებლო ჰაბები ყველა რეგიონში მოსწავლეების, მასწავლებლების და თემის სხვა წარმომადგენლების მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებში უფრო მასშტაბურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო ჰაბები ონლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა.
პროგრამა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და, მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ესენი მგონი აღარ გვინდა?), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.
პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდებში შემწყნარებლობის, გენდერული თანასწორობის და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დიალოგის გზით სადავო საკითხების მოგვარების და 21 საუკუნის სხვა ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებას.
შერჩეულ თემებში ბრიტანეთის საბჭო ასევე მუშაობს მასწავლებლებთან, განსაზღვრავს მათ საჭიროებებს და ქმნის პროფესიული განვითარების ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ ინოვაციური სწავლების რესურსები და მეთოდოლოგია.
შეიქმნა მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები, რათა მასწავლებლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეძლონ ახალი იდეების, სწავლების პრაქტიკის და ადგილობრივი საჭიროებების ერთმანეთში გაზიარება რეგულარულად. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს მასწავლებლებს გავლენა მოახდინონ გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებზე და წვლილი შეიტანონ თავიანთი თემების გაძლიერებასა და კეთილდღეობაში.