დიდი ბრიტანეთის ელჩი ითიაი ჰოლდინგის სტუდენტებს Aptis ტესტის სერტიფიკატებით დააჯილდოებს

2021 წლის 29 ივნისს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან და სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად ითიაი ჰოლდინგის სტუდენტებს შეხვდება და Aptis ტესტის სერტიფიკატებს გადასცემს. ამ ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონში გავაღრმავოთ იმ საქმიანობის ცნობადობა, რომელსაც ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის შეფასების კუთხით ეწევა, როგორც ლიდერი ორგანიზაცია ინგლისური ენის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდების ადმინისტრირებასა და ენის ცოდნის დონის შეფასებაში.

დაჯილდოების ცერემონია ტარდება აჭარაში დიდი ბრიტანეთის ელჩის და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის ორდღიანი ერთობლივი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში. ღონისძიებაზე მოწვეული არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და სხვა საპატიო სტუმრები.

ბრიტანეთის საბჭოს აქვს ინგლისური ენის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდების შემუშავებისა და ადმინისტრირების მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ ყოველწლიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, ვატარებთ დაახლოებით 4000 გამოცდას, როგორებიცაა, IELTS, კემბრიჯის, პროფესიული და საუნივერსიტეტო გამოცდები. ამ ჩამონათვალს, 2012 წლიდან, დაემატა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებილი ინოვაციური საერთაშორისო ტესტი – Aptis. ითიაი ჰოლდინგი არის ბრტანეთის საბჭოს ექსკლუზიური პარტნიორი ბათუმში, ბრიტანეთის საბჭოს გამოცდების პრომოუშენისა და კანდიდატების მოზიდვის კუთხით აჭარის რეგიონში. პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან, ბრიტანეთის საბჭო ბათუმში ყოველწლიურად 300-ზე მეტ გამოცდას ატარებს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა და ბრიტანეთის ელჩის ჩართვა მსგავს ღონისძიებებში კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო სერტიფიკატების და ზოგადად, საერთაშორისო კვალიფიკაციისადმი ახალგაზრდების ინტერესს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები