“ბოკერია რა ნამუსით მოვიდა?” – ზაზა გახელაძის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენამ შეკრებილების უკმაყოფილება გამოიწვია
სოფელ ქვემო ჭალაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილიდან ჩავიდნენ. ისინი ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ მოწყობილ აქციასთან შეერთებას, გზის გადაკეტვასა და საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდნენ, თუმცა, მათმა გამოჩენამ სოფლის მოსახლეობასა და გახელაძის ახლობლების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია.
„ბოკერია რა ნამუსით მოვიდა? 2008 წელს არანაკლები ადამიანი ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიცვეს. ჯარი და პოლიცია ჩუმად გაიყვანეს და შეგვატოვეს. თვითონ გაატაცებინეს ზაზა გახელაძე თავიანთი ჩადენილი საქმეებით. ახლა გამოდიან“, – განცხადა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.