კახეთში, ვენახის საკადასტრო ამონაწერი უკვე 20 ათასამდე მევენახემ მიიღო
დღეის მონაცემებით, კახეთში, ვენახის საკადასტრო ამონაწერი 20.000-მდე მევენახე ფერმერმა მიიღო. რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
კახეთში მევენახეთა რეგისტრაცია და ვენახის ამონაწერების გაცემა 2019 წელს დაიწყო. 2019-2020 წლებში, 15 ათასამდე ვენახების საკადასტრო ამონაწერი გაიცა; მიმდინარე წელს, საკადასტრო ამონაწერი გაცემულია 4 600 მევენახე ფერმერზე.
ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტასა და აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ, ჯამში, 47 სარეგისტრაციო უბანში შეუძლიათ.
დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.
სამინისტრო განმარტავს, რომ საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას, ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან, ეს არის ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზა. მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.
საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.
ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზს – 1501 დაუკავშირდნენ.
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო 2021 წლიდან გახდა.