ფოლკლორის ცენტრის საბავშვო ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში ჩატარდება
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ყოველწლიური ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობს ოზურგეთის, ქობულეთის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზესტაფონის, ბაღდათის, ბორჯომის, გორის, წალენჯიხის, ამბროლაურის, თელავისა და ლენტეხის 200 სალოტბარო სკოლის მოსწავლე.
სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტების გამართვა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს და მაყურებელს წარუდგენენ საკუთარი კუთხის ტრადიციულ სიმღერა-გალობის ნიმუშებს. დღის მეორე ნახევარში შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი – ქართულ თამაშობებთან ერთად, მოეწყობა ფილმის ჩვენება-გარჩევა, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ჩაატარებს მასტერკლასებს.
ღონისძიების მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის უკეთ წარმოჩენა მომავალი თაობებისთვის.
„მომავლის ხმები“ პირველად 2019 წელს გურიაში ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის – ოზურგეთის, წალენჯიხის, ლენტეხის, საჩხერის, ონის, მესტიის, ფოთის, ბათუმის, ზესტაფონის, ქობულეთისა და სამტრედიის 400-მდე ბავშვი. დღესდღეობით ფოლკლორის ცენტრის 27 სალოტბარო სკოლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობისშეწავლა ყველა მსურველს შეუძლია.