ლანჩხუთში გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის შესახებ ვახტანგ ჯოხაძემ ისაუბრა, ხოლო სანაპირო ზოლის განაშენების გეგმის ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები და მათი ეფექტიანობის შესახებ ლადო ვარდოსანიძემ და იოანე მენაბდემ გააცნეს საზოგადოებას.
განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სათავგადასავლო პარკის, საცხენოსნო კლუბის, სავაჭრო ქსელის, სანაოსნო კლუბის, ნავმისადგომის, ველობილიკის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა.შ. განხორციელებას ითვალისწინებს.
“გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს” შორის გასულ წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.