ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
“ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.