რა გეგმები აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელს

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დრომდე, პანსიონის აღმზრდელებსა და ბენეფიციარებს ეცნობა, უახლოეს მომავალში, კი, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება. მისი თქმით, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„შეხვედრა მექნება ძალოვან სტრუქტურებთან, ვნახავ, თუ რამე საქმე იციან, თუ რამე დარღვევებია. რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, იმაზე რეაგირება ვერ მექნება. უნდა მქონდეს რეალური ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებ ზომებს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ; საწყის ეტაპზე, რამდენიმე სახლს ავაშენებთ, სადაც ოჯახური გარემო იქნება. 2022 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მსოფლიოშია მიღებული. ეს მოხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ხან ამბობენ, „რატომ დაინიშნა მეუფე?“… მაშინ, ჩაატარონ შიდა არჩევნები, გვითხრან, ვინ დავნიშნოთ და შეიძლება, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე – იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები