ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრას ეუთო-ს გენერალური მდივანი დაესწრება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-100 შეხვედრა იმართება, რომელსაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი დაესწრება.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს. მთავარი საკითხი დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

ამასთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე ისევ დააყენებს ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ერგნეთში იმყოფებიან ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. შეხვედრის დაწყების წინ მათ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ესაუბრა. ოჯახი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს და ხელისუფლებას უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას სთხოვს.

ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

შეგახსენებთ, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ სურს, ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები