საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქორდში ახალგაზრდული სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს, ადგილზე იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესი დაათვალიერა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლებმა ქორდში კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში მომზადებული მასალები ჩაიტანეს.
ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დროს სოფლებში ახალგაზრდული სივცეების საჭიროება გამოიკვეთა. სწორედ ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდულ სააგენტოსთან ერთად, ქორდში სამოდელო სივრცის შექმნა გადაწყვიტა. გამოიყო შენობა და ამ ეტაპზე თავად ახალგაზრდების მიერ მიმდინარეობს კედლების მოხატვა. ახალგაზრდული სივრცე აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღებისა და თავშყრისთვის სულ მალე კომფორტული სივრცე ექნებათ.