შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე შუახევში აღნიშნეს

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ, ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვეს და ბავშვების მიერ გამართულ სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. უწყებამ წელს პირველად აამოქმედა მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტების ვაუჩერით. მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები სარგებლობენ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით. მოქმედებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა.

ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები