თურნავა “ნამახვანჰესზე”: მედიაციის პროცესში მნიშვნელოვანია, დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი დაიწყო.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ.

„ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი დაიწყო. პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა. 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის აქტივისტები, რომლებიც რიონის ხეობაში პროტესტს გამოთქვამენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა იყო წარმოდგენილი, 2 სამინისტრო, ასევე თვითონ ინდუსტრიაციაც განახლებადი ენერგიების და ჰესების ასოციაციის სახით. საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა. ეს პირველი შეხვედრაა, მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება, პოზიციები იყო დაფიქსირებული. საბოლოო დასკვნაში რაც გამოქვეყნდა, აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ, ნორმალურ პირობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა და ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილია. დეესკალაციას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი და კომპანიას, რომელსაც დღეს კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საწყის მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა, ეს არის 300-მდე ადილობრივი მცხოვრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე ადამიანების, ვინც მუშაობს ამ პროექტში. დაისახა გეგმები, რომ უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე მოხდეს შესწავლა გარემოს დაცვითი და კომერციული ასპექტების, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, თუნდაც სამუშაოების შეწყვეტას, რასაც მძიმე შედეგი ექნება ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის, რადგან ამის შედეგად კომპანიას ექნება სრული უფლება, სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან ის დღეს ახორციელებს კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს. ვფიქრობ, პირობები, რაც დაისახა, საშუალებას იძლევა ეტაპობრივად, მშვიდობიანად მოხდეს პროექტის ირგვლივ ნორმალიზაცია“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები