გურიაში 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით 97 000 ადამიანის აცრა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიის რეგიონში მომდევნო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით 97 000 ადამიანის აცრა იგეგმება.

როგორც მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინის მასობრივი დოზების ქონა მაღალი ალბათობით გარანტირებულია, შესაბამისად, რეგიონებში ჯანდაცვის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, ჯანდაცვის ხელმძღვანელებს და სამედიცინო საზოგადოებას ხვდებიან.

„რეგიონებში ადგილზე ვხვდებით სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, ჯანდაცვის ხელმძღვანელებს და სამედიცინო საზოგადოებას. დღეს ვიმყოფებოდით ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა არსებული სიტუაციით და აცრის ფორმატით. მინდა იგივე ვნახოთ შემდეგში ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ჩვენ კარგად დავინახეთ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების არსებობა მუნიციპალიტეტებში. თითქმის მთელმა პანდემიამ გადაიარა მათზე, ძალიან აქტიურად არიან ჩართული საქმეში და მინდა მადლობა გადავუხადო. გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მერებთან და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. ჩვენთან შემუშავებულია გეგმა-გრაფიკი 6 თვის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებლით, თუ რა სამიზნე მაჩვენებელი იქნება თითოეულ მუნიციპალიტეტში. გურიის რეგიონში ჩვენი სამიზნეა, რომ 97 000 ადამიანი აიცრას ორჯერადად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები