ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის პროცესი განახლდა
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის პროცესი განახლდა.
ბაკურიანელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან ხტომის საერთაშორისო ოსტატი 87 წლის კობა წაქაძე „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.
ვაქცინაციის პროცესი კლინიკა „იმედში“ ოფიციალურად აპრილის დასაწყისში შეწყდა და მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ახალქალაქის ჰოსპიტალში შეეძლოთ.
ამ ეტაპზე „იმედში“ Sinofarm-ის, Astra zeneca-ს და Sinovac-ის ვაქცინებია შეტანილი და მოქალაქეებს დარეგისტრირება შეუძლიათ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.