სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ეცნობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის მოადგილეებთან ერთად, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრებს და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, არსებული პრობლემების დროულ გადაჭრაზე და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე მიმოიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასა და დაგეგმილ პროექტებზე.
ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ქალაქის ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა, სოფლებში კი გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერია გამოცხადებული. არსებულ მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ჰქონიათ. სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლების გაზიფიცირების გეგმა მიმოიხილა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გაეცნო, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.