ქარელში სამოქალაქო განათლების პროგრამის 11 წლიანი ციკლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის 11 წლიანი ციკლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
“ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მათ მიერ წარგდენილი პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: არჩევნების მნიშვნელობა, საგზაო უსაფრთხოება, ახალგაზრდული ცენტრი სოფელში, დეზინფორმაცია და მედია წიგნიერება, ნაადრევი ქორწინება და ა.შ.
აღნიშნულ ღონისძიებას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და პატრნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია საზოგადოება „ბილიკია”, რომელიც რეგიონის 37 სკოლასთან თანამშრომლობს. პროგრამის მიზანს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.