გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა
გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2000 კბმ მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი გონიოში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეზერვუარი უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას. ასევე მოეწყო 30 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზი. დაიწყო მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები.
გონიო-კვარიათში წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე, ძირითადად, ჭაბურღილის წყლით სარგებლობდა.
რეზერვუარის მშენებლობისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო.