ნინოწმინდის პანსიონი შესაძლოა საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთდეს
ნინოწმინდის პანსიონი შესაძლოა საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთდეს. ამ მიმართულებით შეხვედრები პანსიონში დღესაც გაგრძელდება. ასევე საუბრის მთავარი თემა იქნება ბავშვთა გაყვანის პროცესიც.
ბავშვთა გაყვანის პროცესი პანსიონატიდან გრძელდება. ადგილზე დილით აღსაზრდელების ნათესავები მივიდნენ. ისინი პანსიონიდან 3 ბავშვის გაყვანას აპირებენ.
როგორც ბენეფიციარების ნათესავები აცხადებენ, მათ საკუთარი შვილები ყოველი წლის ზაფხულის დასაწყისში გაჰყავთ ოჯახებში და ეს პროცესი რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს პანსიონში არ უკავშირდება.
“სამი მიგვყავს ჩვენ, და-ძმანი არიან. არ ვიცი რამდენი ხანი არიან პანსიონში, დედა ავად ჰყავთ, ფსიქიატრიულშია. პანსიონიდან გაყვანის შემდეგ, ოჯახი, რასაც გადაწყვეტს, მათი დეიდა, იქ დარჩებიან,” – აცხადებს ნათესავი.
პანსიონატში ამჟამად 27 არასრულწლოვნი რჩება.
უკვე გაყვანილი ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა, ნაწილი კი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.