ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება

10 ივნისს, ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითიარასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმი 10 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება.

„ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 49 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების შესაძლებლობა.

ფორუმში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოცხადდებიან ფორუმზე, შეეძლებათ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, შეხვდნენ მათი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს. ფორუმში ონლაინ 3 კომპანია ჩაერთვება.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს წინასწარი კონსულტაციისთვის, ფორუმამდე სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცათ, CENN-ისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, გადამზადდა 100-ზე მეტი ახალგაზრდა.

ფორუმის ფარგლებში, დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გადაიღონ პროფესიონალური ფოტოსურათი და გამოიყენონ შემდგომი დასაქმების მიზნით.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები