საქართველოს პროკურატურამ, 4 ივნისს, ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ფაქტზე დ.გ.-ს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მ.ც.-ს და ა.რ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს, ქუთაისში, დ.გ-მ, რომელიც ა.რ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იმყოფებოდა, მოკვლის მიზნით, დ.ბ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-ს ქმედებას შეესწრნენ მ.ც. და ა.რ. და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა დ.გ. და მ.ც. 5 ივნისს, ხოლო ა.რ. 6 ივნისს დააკავეს. დ.გ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე, ხოლო მ.ც.-ს და ა.რ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.გ.-ს და მ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება ა.რ.-ს, მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.