ოზურგეთში ყაჩაღობისთვის დაკავებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – შსს-ის განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 ივნისს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, გადაჭრილი სანადირო თოფის – ე.წ. აბრეზის მუქარით ოპერატორს 135 ლარი გასტაცა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.