ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება
ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერიის სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო–გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N12 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებში.
პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების შიდასარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, ჯგუფების, საძინებლების, გასახდელების რეაბილიტაციას, კარ–ფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.