გორში ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდებს შეხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყო და სამომავლო თანამშრომლობასაც დაპირდნენ. საუბარი შეეხო ტურისტულ, ახალგაზრდულ, ინფრასტრუქტურულ და აგრო პროექტებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ,,ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი“, ,,ლიდერთა ლიგას“ მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.
ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია ტრენინგები სხვადასხვა თემატიკით, გასვლითი აქტივობები, კინო ჩვენება/დისკუსიები, შეხვედრები პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან.
“პროექტის ფარგლებში, 30 – ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნობა საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, დებატების ტექნიკას, ადვოკატირებას, გენდერის საკითხებს, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო და საარჩევნო პროცესებში, დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა პოლიტიკოსთან თუ საჯარო მოხელესთან შეხვედრა.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და მომავალში მათი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და მზადაა მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.