საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღებისა და ყალბი ცნობების გაცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანა-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს.

გამოძიების პროცესში, მოტყუებით დაუფლებული ერთი მიწის ნაკვეთი დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით,”- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები