შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვები.
ამასთან, უწყება მედიას მიმართავს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ინფორმაცია.
„საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.