აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ვლადიმერ მგალობლიშვილს უზრდელი უწოდა, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს სხდომის დატოვება და საქმის გარეთ გარკვევა სთხოვა.
„მათ თავის დროზე გააკეთეს განცხადება, რომ ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდოდა იქნებოდა მოღალატე და სუს-ის აგენტი. ვიკითხე, თქვენ რომ აქ შემოხვედით მოღალატეები ხართ თუ აგენტები? რეალურად მათი განცხადებების კომენტირებას და შეხსენებას გაღიზიანება მოჰყვა. როდესაც რაიმეს ლაპარაკობ დაფიქრება სჭირდება, რადგან მას მომავალში შეგახსენებენ“,- აცხადებს ვლადიმერ მგალობლიშვილი.
ხმაურის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.