ბოლნისის სოფელ ხატისოფელში, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
გოგი მეშველიანის განმარტებით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის მოკვლევის შემდგომ, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, სოფელში დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა.
“ზაფხულის დადგომასთან ერთად მწვავედ დგება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა ხატისოფელში. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი მცდელობა გვქონდა, საკითხი კვლავ აქტუალური და გადაუჭრელია.
დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით სოფლის მოსახლეობას და მათთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე.
ამ ეტაპზე მოსახლეობასთან ერთად შევჯერდით, რომ მოხდება ჭაბურღილის დამატება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს და შიდა ქსელებს, რისთვისაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები”, – განაცხადა დეპუტატმა.