სამტრედიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მოკრძალებულად და რეგულაციების სრული დაცვით აღინიშნა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოფენა-გაყიდვა მოეწყო მომავლის პარკში, სადაც მე-3 საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს. შემოსული თანხა, ამავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლის ლიზი კაშიას მკურნალობას მოხმარდება.
“პარალელურად დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარედ სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს გაცნობოდნენ.
დღის კულმინაცია თამარ მეფის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ პარკში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ანსამბლების პერფომანსი გახლდათ.
ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მერის მოადგილეები, გრიგოლ დალაქიშვილი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადმგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.