თუშეთში ბიოსფერული ნაკრძალი მოეწყობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და რეგიონის შემდგომი განვითარება“, საქართველოში რიგით მეორე ბიოსფერული რეზერვატის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამინისტრო მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) პარტნიორობით, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად მოწყვლად რეგიონში, კახეთში – დოკუმენტის მომზადება ნომინაციისთვის“.

„საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ეს ყოველივე კი, აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრებს ბიოსფერული რეზერვატების შესახებ მომზადებული ინფორმაცია წარუდგინეს. დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობაც.

„მოხარული ვარ, რომ, პანდემიის მიუხედავად, შევძელით ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები UNESCO-ში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის მხარდასაჭერ წერილზე. ის, რომ საქართველოში ორი ტერიტორია მიიღებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს, მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატის მაგალითები გვაჩვენებს, თუ რა სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით”, – განაცხადა მიხეულ ზუკოვის ფონდის წარმომადგენელმა, ანია ზელცერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები