ხატია წილოსანი: საუბარი იმაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, გაჩერდეს ყველანაირი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საუბარი – არასწორია

ყველა რეალური არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰესის მშენებლობასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ამოწურულია. საუბარი იმაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, გაჩერდეს ყველანაირი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საუბარი – არასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა „ქრონიკას“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ხეობაში მცხოვრებლებს კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ადამიანებს, რომლებიც ამ ხეობაში ცხოვრობდნენ კომპენსაციები (რომელიც არის ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სტანდარტების შესაბამისად დათვლილი), უკვე აღებული აქვთ და მიწების რეგისტრაციის ფორმალური პროცესის დასრულება მიმდინარეობა.

ახლა ამ თემაზე საუბარი, რომ დავასრულოთ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკება, არის სრულიად გაუგებარი. პრაქტიკულად, ყველა რაციონალური არგუმენტი, რაც არსებობდა ჰესთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ, არის ამოწურული და ამას ისიც ადასტურებს, რომ პრაქტიკულად არცერთ მოლაპარაკებაზე და შეხვედრაზე ისინი არ მოდიან“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, რიონის ხეობა კვლავ რკინის ჯებირებით არის გაყოფილი. კონსტრუქციების ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი – ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები