ფოთის ახალი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის განცხადებით, მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც. ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.
ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსიობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა იქნება შესაძლებელი.

„ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება. ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის. ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვის სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 საათამდე აქვთ განსაზღვრული“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები