“ნამახვანჰესის” პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რის განხორციელებასაც კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით გეგმავს. მერაბ ლომინაძის განმარტებით, კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აპირებს პროექტებისა და სფეროების განვითარების ხელშეწყობას.
“ნამახვანჰესის პროექტი ხეობას მრავალ სიკეთეს მოუტანს, პირველ რიგში საგანმანათლებლო პროექტებში ჩავერთვებით. დღეიდანვე ჩვენ განვახორციელებთ სტუდენტების დაფინანსების პროგრამას, იმისათვის, რომ სამწლინახევრის, ოთხი წლის მერე, როდესაც ჰესი დაიწყებს ფუნქციონირებას, დასაქმდეს სწორედ ამ ხეობის მაცხოვრებელი სტუდენტი ახალგაზრდობა. ამავდროულად დაფინანსდება მცირე და საშუალო ბიზნესი. განხორციელდება იმ პროექტების სუბსიდირება, რომელიც გულისხმობს მცირე სასტუმრო კომპლექსების განთავსებას ხეობაში. მოხდება აგრარული სექტორის დაფინანსება, მათ შორის ტვიშის მიკროზონაში ახალი როგორც ვენახების აგრეთვე ღვინის საწარმოების დაფუძნება. მოხდება მეფუტკრეობა-მეთაფლეობის განვითარება და არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილზე ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და სრულად ათვისებას. მოხდება ალფანა-ქუთაისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და შემდეგ სახელმწიფოსთვის გადაცემა. რაც შეეხება რეგიონს, რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად, მოხდება დაახლოებით 30 მილიონი ლარის გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც მას ახალ შესაძლებლობას მისცემს დამატებით როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სოციალური პრგორამების განვითარებისთვის”,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.