ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩის მიმდებარედ, მოქალაქეები, აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით, მოსაბმელი ბადით ახდენდნენ თევზჭერას. მათ მოპოვებული ჰქონდათ 42 კგ სხვადასხვა სახეობის (ხრამული, მურწა, ნაფოტა) თევზი, რომლის მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2418 ლარი შეადგინა.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა ასევე ქალაქ რუსთავში, ე.წ. ახალ ხიდთან, დამბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქე აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით – ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის (ხრამული, კარჩხანა) 0,5 კგ-მდე თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.