‘მინისტრის საათის” ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს. გიორგი სურმანიძემ გამოსვლაში 2020 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტი 96 %-ით შეასრულა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, გაგრძელდა ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის ამაღლების უზრუნველყოფა, ექსტენციის ქსელის უფასო საკონსულტაციო დახმარება, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება – 15-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. გაგრძელდა სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. დღეის მდგომარეობით, რეგიონის ხუთივე მუნიცპალიტეტში უკვე დამუშავებულია 1900 ჰა მიწის ფართობი.
გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
გაძლიერდება ლაბორატორიული კლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სამინისტრო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ასევე ხაზი გაუსვა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას, რასაც მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.