შპს “შუქრუთი +” მზადაა დიალოგის პროცესის სამართლებრივ ფორმატში გადასვლის შემთხვევაში, სოფელში რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს
„ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +” მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა, საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილოს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს “შუქრუთი +” ავრცელებს. მათი განმარტებით, კომპანია მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ პირობით თანხმდება, თუ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება სამართლებრივ სივრცეში გადავა და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს .
კომპანია მედია საშუალებებსა და არასამთავრობო სექტორსაც მიმართავს რათა, სამართლებრივი განხილვისა და გამჭვირვალობის მიზნით, პროცესში ჩაერთონ .
“ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია , რომ თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამას ადასტურებს მოსახლეობასთან გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, ხელშეკრულებები და უკვე გაცემული კომპენსაციები. ცნობისთვის შპს „შუქრუთი +„ კომპენსაციებს 2020 – ი წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ „ შუქრუთის” მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს.
ბოლო დღეებია მედია საშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმე პირმა მოქმედების რადიკალურ ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შპს „ ჯორჯიან მანგანეზი” აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ აძლევს მათ სათანადო ანაზღაურებას.
სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კომპანიის კონტრაქტორი შპს „შუქრუთი +’ , რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ახდენს მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს და ინფორმირებულია ყველა არსებულ პრობლემატურ საკითხზე. შპს „შუქრუთი +”-ის მხრიდან მოსახლეობისადმი მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის თაობაზე 2019 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია სოფელთან, რის შემდგომაც შედგა შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათივე მოთხოვნით მოწვეულ იქნა კონკრეტული დამოუკიდებელი შემფასებელი პირი, რომელიც ახდენს მოსახლეობის თანმიმდევრულ შეფასებასა და დასკვნების წარდგენას მათზე. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა და მიმართა საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნა არის შეფასება მოხდეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, მაგრამ თავად არ მიმართეს ამ ქმედებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.