აჭარის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასთან ბრძოლის ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური დანაშაულების გამოძიების მეთოდიკისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

სწავლების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განიხილეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სამართლებრივი მექანიზმები, სქესობრივი დანაშაულები და მათი გამოძიების მნიშვნელოვანი ასპექტები, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული კონცეფციები. ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროების სამართლებრივ რეგულირებასა და სამართალდარღვევაზე პოლიციის მიერ განსახორციელებელ რეაგირებაზე.

ონლაინ ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის 70-მდე თანამშრომელმა გაიარა. მსგავსი სწავლება პერმანენტულად პოლიციის სხვა ტერიტორიულ დანაყოფებშიც ჩატარდება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, ასევე სექსუალური დანაშაულის და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აღნიშნულ თემებზე სამართალდამცველთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები