ალექსანდრე დარახველიძე: დმანისში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ – სამძებრო და საპროცესო მოქმედებები, დაკავებული არავინაა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთანდაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ამ დრომდე კი არავინაა დაკავებული.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, გრძელდება სრულყოფილი გამოძიება.
“შსს-მ გუშინაც განმარტა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც პირველ, ასევე გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ- სამძებრო და ასევე საპროცესი მოქმედებები. დაკავებული არავინაა, არცერთი პირი. გუშინ რამდენიმე პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა არ დაუკავებიათ. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფილ, ამომწურავ გამოძიებას. ყველა ფაქტის და გარემოების დეტალური შესწავლა მოხდება გამოძიების მხრიდან და გამოძიება რა შედეგებსაც მოგვცემს, იმის მიხედვით მოხდება შესაბამისი მოქმედებები.
ჟურნალისტებს რაც შეეხებათ, დაწყებულია გამოძიება, მათ შორის ჟურნალისტების ეპიზოდზეც მოხდება სრულყოფილი შესწავლა და თუ კი საჭირო იქნება კონრეტული საქმეების გამოყოფა და გაერთიანება, ამაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
რაც შეეხება პირების იდენტიფიცირებას, გამოძიება არის რთული პროცედურა, მოიცავს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს”, – განაცხადა დარახველიძემ.