დმანისის მერი: თუ ვინმეს სპეკულაციებით სურს დაძაბულობის შექმნა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს

თუ ვინმეს სპეკულაციებით სურს დაძაბულობის მომენტების შექმნა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს, – ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, წაქეზება დასჯადია და როდესაც დანაშაული სახეზეა, სამართალდამცველების მიერ ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას. ვიღაცამ სპეკულირება თუ დაიწყო ამ თემით და სურს, რომ ეთნიკურ ჯგუფებსა თუ სხვა რაღაც დაპირისპირებაში გადაზარდოს ვითარება, ეს არასწორი და არასახელმწიფოებრივი ქმედებაა და არ არის ტოლერანტული. აქედან გამომდინარე, ყველა მხარემ უნდა გაიაზროს ვითარება და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მეგობრულად. ყველამ, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, უნდა ვუთხრათ მათ, რომ დაპირისპირებული მხარე არავინაა. აქ არის მეგობრული ურთიერთობა და უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ამდენი ხანი იყო. თუ ვინმეს სპეკულაციებით სურს დაძაბულობის მომენტების შექმნა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს. იმ პირებთან მიმართებით, ვინც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია და სავარაუდოდ, ნაწილი პასუხისგებაში მიცემულია“, – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები