ვახტანგ გომელაური დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ყველა, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება
სამწუხაროა რაც მოხდა, დაწყებული გუშინდელი ფაქტიდან, შეხლა-შემოხლა, რაც გავიდა ეთერშიც. გუშინვე დავიწყეთ ამაზე გამოძიება. ერთი მინდა ვთქვა: ყველა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც დმანისში ჩავიდა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ძალები და ჯგუფები ცდილობენ, რომ მომხდარს ეთნიკური დაპირისპირების შეფასება მისცენ.
„ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და გამოკითხვები გრძელდება.
ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დმანისში ვითარება განმუხტულია.