დმანისის მერი: მოლოდინი მაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება – პირადად ვარ ჩართული და ეპიცენტრში პირველი ვდგავარ

დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა დალაგდეს.

“მოლოდინი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება. უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა უსწორდებოდნენ. ვიღაცამ სპეკულაცია გააკეთა ეთნიკურ ჭრილში საუბრით, ეს არ გამოვა. ვმუშაობთ იმაზე, რომ საკითხი დავალაგოთ მეგობრულად და პასუხისგებაში ვინც არის მისაცემი, სამართალდამცავებს შესაძლებლობა მიეცეთ, რომ იმუშაონ. დანაშაულს დანაშაულით არ უნდა უპასუხო.

ამ წუთის მონაცემებით, დაზარალებული არავინაა. შეიძლება მცირედით დაშავდა ვინმე შეხლა-შემოხლის დროს. პირადად ვარ ჩართული და ეპიცენტრში პირველი ვდგავარ. უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული ურთიერთობის დასალაგებლად”, – განაცხადა დმანისის მერმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება.

დმანისში მოქალაქეების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები