ლუდის გამო დაწყებული დაპირისპირება დმანისში – რას აცხადებენ თვითმხილველები
დმანისში ამ წუთებშიც დაძაბული სიტუაციაა. ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა პოლიციის კორდონი გაარბიეს და ადგილობრივი აზერბაიჯანელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.
დაპირისპირება მოქალაქეთა ორ ჯგუფს შორის უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ხელჩართული ჩხუბი კი გუშინ გვიან ღამით მომხდარი ინციდენტის დროს დაიწყო.
რა მოხდა დმანისში გუშინ და რატომ გადაიზარდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.
ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველის თქმით, ინციდენტი ლუდის ვალად წაღებაზე უარის გამო დაიწყო.
“მე მაღაზიაში ვიყავი და 3-4 სვანი შემოვიდა, როგორც ყოველთვის კიდევ მთხოვეს ლუდი “ნისიად” რაზეც ვუპასუხე, რომ უფროსის გარეშე ლუდს ვერ მივცემდი, რის შემდეგაც აგრესიულები გახდნენ, დაიწყეს სიტყვერი შეურაცხყოფა, ხმაურზე მამამთილი შემოვიდა მაღაზიაში, თუმცა მაშინვე სცემეს. ამ ჩხუბის შემდეგ ჩემი სხვა ნათესავების შემოვიდნენ, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ დაგვემუქრნენ რომ დაბრუნდებოდნენ, ამის შემდეგ დავრეკე 112-ში, პოლიცია მოვიდა და გამოკითხვაზე გადაგვიყვანეს, მხოლოდ ჩვენ დაგვკითხეს და ვითომ ამის სცადეს სტუაციის განეიტრალება”, – ამბობს მაღაზიის გამყიდველი.
მისივე თქმით, გამოკითხვის შემდეგ მაღაზიასთან დაახლოებით 8 კაცი იდგა, რა დროსაც 40-მდე შენიღბული პირი მივიდა და მათ ცემა დაუწყო.
მაღაზიის მეპატრონე კი ამბობს, რომ დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნახა, რომ მამამისს სცემდნენ.
“40-მდე კაცი ისევ მობრუნდა ანგარიშსწორებისთვის, რაც მოხდა ყველამ ნახა. ხელისუფლებამ საჭირო ზომები დროულად უნდა მიიღოს, თორემ ეს დაპირისპირება მძიმე შედეგებში გადაიზრდება”, – თქვა მან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული ახალგაზრდები დმანისში დაპირისპირებას ხშირად იწვევენ.