გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარზე: ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან
პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვითარების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან.
„სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ამასთან ერთად, ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ.