რუსთაველი მოკრივეები მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის მერმა დააჯილდოეს

რუსთაველი მოკრივეები ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე, რომლებმაც  5-9 მაისს, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ოქროს მედლები მოიპოვეს, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ  მადლობის სიგელებით დააჯილდოეს. ამის შესახებ “კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მადლობის სიგელთან ერთად, რუსთავის მერიამ, წარმატებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოც გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა ჩემპიონების მწვრთნელს, რუსთავის საპატიო მოქალაქეს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ტარიელ ბლუაშვილსაც.

,,ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს პატარა ქალაქში, დიდი ჩემპიონები გვყავს. ეს ბიჭები არიან მისაბაძი თითოეული ახალგაზრდისთვის. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მძიმე პირობები ჰქონდათ, როდესაც ჩვენ პირველად მოვედით აქ და ვნახეთ დარბაზი, თავდაუზოგავად შრომობდნენენ იმისთვის, რომ ესახელებინათ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. აქვთ არაერთი გამარჯვება. მე მათ ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სპორტს მიექცეს კიდევ უფრო მეტი ყურადღება და მათ ჰქონდეთ ყველა პირობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ“ , – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რუსთავში სპორტსმენების წახალისება მხოლოდ ფილადი ჯილდოებით არ შემოიფარგლება, რადგან ძალიან მალე, რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობაც დაიწყება.

,,შთამბეჭდავია მათი გამარჯვება, ასაკიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე ავიდნენ, არიან ევროპის ჩემპიონებიც. მათი წარმატება, ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობისთვის მისაბაძია და ვამაყობთ ამით. ჩვენ ტრადიციულად გვაქვს წამახალისებელი ჯილდოები, რაც სტიპენდიას და ერთჯერად ფულად ჯილდოს გულისხმობს, მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით, გვაქვს სპორტის სასახლის მშენებლობის გრანდიოზული პროექტი და რა თქმა უნდა, იქაც გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტის კრივის პროფესიული დარბაზის მოწყობა“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

საქართველოს ჩემპიონატში, წელს, რუსთავს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. ლაშა გურულმა (63 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91+კგ) პირველი საპრიზო, ლუკა კუბლაშვილმა (52 კგ) და გიორგი კაპანაძემ (57კგ), კი მეორე ადგილი მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, მიმდინარე წლის 5-9 მაისს, თბილისში გაიმართა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები