იაპონიის საელჩომ ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცა, რისთვისაც საელჩომ 69 500 დოლარი გამოყო.
ლაბორატორიული ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, სოფლის განვითარების ასოციაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული, რომელიც შესაძლებლობას მისცემს როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ფერმერებს, გააკეთონ ლაბორატორიული სინჯები და მიიღონ ხარისხის სერტიფიკატი, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და კვების უსაფრთხოებას საქართველოში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს რეგიონიდან ექსპორტს ევროპის მიმართულებით.
იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.
1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაფინანსდა 200 მდე პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 19 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.