ფოთში, სამ საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება
ფოთში, 13 მაისიდან 19 მაისამდე სამ საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, პირველ, მეორე და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღეს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაციით, სამი საჯარო სკოლა ერთი კვირით გადავა დისტანციურ სწავლებაზე. ეს არის პირველი, მეორე და მესამე საჯარო სკოლები. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ამ სკოლებში შედარებით მეტი რაოდენობაა კოვიდინფიცირებული მოსწავლეების. ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთი კვირა გადავხედავთ რა მდგომარეობა იქნება. დანარჩენ სკოლებში კი ჩვეულებრივ დასწრებითი სწავლება დაიწყება. თუმცა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს აქვთ უფლება როგორც მაშინ, სამინისტროს შეთავაზებით ისარგებლონ და თავიანთი შვილები სურვილის მიხედვით, ონლაინ სწავლებაზე დაარეგისტრირონ,“- განაცხადა გოჩა ქორქიამ.