კომპანია „ენკა რინიუებლზი” ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებმა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რაც ბოლო დროს ნამახვანჰესის პროექტის გარშემო ვრცელდება.
„ჩვენი, კომპანიის გუნდის, მიზნია, ყველა გავრცელებულ კითხვას და მათ შორის მითებს, რომელიც მრავლად არის პროექტის გარშემო გავრცელებული, გავცეთ პასუხები. ყველა დაინტერესებულმა პირმა აუცილებელია მიიღოს ამომწურავი და სწორი ინფორმაცია. სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას. სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის, კითხვებზე მშვიდად პასუხის გაცემის სივრცე აღარ დარჩა. თუმცა ამის მიუხედავად, ვაცნობიერებთ ვალდებულებას, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე და არა მარტო, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.“ განაცხადა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.
პრესკონფენრეციას ასევე ესწრებოდნენ, კომპანიის თანამშრომლები: სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორი – ელენე ღუბიანური; სოციალური პროექტების ხელმძღვანელი – დავით ჩოჩია.
„ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოში ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირ ანაცვლებს იმპორტირებულ ენერგიას. ზამთრის პერიოდში ეს ჩანაცვლება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ქართული ელექტროენერგია ალბათ არის ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი, რაც შეიძლება ჩვენ თავად ვაწარმოოთ, რომ ნაკლებად ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული.“- განაცხადა დავით ჩოჩიამ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობაზე.
„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით.
ასევე, იმედი გვაქვს მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული.“- განაცხადა „ენკა რინიუებლზ“-ის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა.