იმერეთში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში: სოფელ ნოღასა და ტოლებში მდინარე ხევისწყალზე, სოფელ იანეთში კი მდინარე გუბისწყალზე მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით, ე.წ. პარაშუტით ახდენდნენ თევზჭერას.

ბრაკონიერობის სამი ფაქტი გამოვლენილია ვანის მუნიციპალიტეტში: სოფელ შუამთაში მდინარე ყუმურზე მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით, ე.წ. პარაშუტით ახდენდნენ თევზჭერას. მდინარე სულორზე კი, სამართალდამრღვევი, უკანონო თევზჭერისას, მოსასმელ ბადეს, ე.წ. საჩოკს იყენებდა, მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ნახევარ კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდინარე რიონზე, მოქალაქე 40-მეტრიანი სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას. სამართალდარღვევის გამოვლენისას, მას მოპოვებული ჰქონდა 3 ერთეული შერეული სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევებს თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები