ლევან ვასაძემ ზუგდიდში შეხვედრა გამართა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრა წინასაარჩევნო ხასიათს არ ატარებს. ვასაძე აცხადებს, რომ ეცნობა მოსახლეობის პრობლემებს და მათ საკუთარ ხედვებს უზიარებს.
„არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მე ღარიბაშვილის პროექტი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი კრიტიკა არ იყოს პიროვნული. ვაკრიტიკებ არა პიროვნულად ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პოლიტიკას. ამ შემთხვევაში, ცოტა სიტუტუცედ მივიჩნევდი, ვაკრიტიკო არა ის კაცი, ვინც არის ავტორი ამ პოლიტიკის, არამედ უბრალოდ, შემსრულებელი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
კითხვაზე აპირებს თუ არა ლევან ვასაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს მეორეხარისხოვანია.
„არ ვამბობ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის ტაქტიკის საკითხი. ეს არის მეორადი. პირველადი არის ქვეყნის სტრუქტურის შეცვლა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
რაც შეეხება ლევან ვასაძის სამომავლო გეგმებსა და გუნდს, მისი თქმით, წარდგენა 16 მაისს მოხდება.
ამასთან, ზუგდიდში ლევან ვასაძის შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილზე გამოჩნდა ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია. თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.